ჟურნალისტთა კლუბი

სარჩევი

ჩვენ შესახებ

შემოდგომა ისრიმისფერ ფოთლებში

დიდრონი თვალები ჰქონდა, მზის სხივებში მოლივლივე, გაზაფხულის ნორჩი ფოთლების ფერი. საკმარისი იყო რაიმესთვის თავისი სიყვარულით აღსავსე მზერა მიეპყრო, რომ გუგები უფართოვდებოდა და შავი ხვრელის მსგავსად მთელ ამ სალათისფერ წიაღს ითრევდა. მისი თვალები თითქმის შავდებოდა, თუმცა გუგებს გარს მაინც ეკრა საოცრად გადარჩენილი, ახლა უკვე ოკეანისფერი, ძალზედ წვრილი, ტალღოვანი სიმების კანტი. სწორედ ასეთი თვალებიდან დინჯად მოფახუნე წამწამებით, მსუქანი ჟოლოსფერი ტუჩებითა და შოკოლადისფრად მოლივლივე თავისი თმებით შექმნილი მშვენიერება, ამ გოგონას სულის სარკეს წარმოადგენდა. გოგონას დღე მის თანატოლებთან შედარებით ბევრად ადრე იწყებოდა. მაღალმთიანი სოფლიდან სკოლამდე საათების სავალი იყო, ამიტომაც თუთა დილაადრიან ემშვიდობებოდა ბებოს და კარების ზღურბლს იქით ახლადგაღვიძებულ მზესა და ოთხფეხა მეგობარ-მურას ესალმებოდა. მურა ბამბის ქულასავით თეთრი ძაღლი იყო, თუმცა მარჯვენა თვალს ერთადერთი შავი ლაქა უმშვენებდა. ორი მეგობარი ერთად მიუყვებოდა ღრუბლებამდე აზვირთულ მთებს შორის ღრმად გაკვალულ ბილიკს. თუთას ტკბილი ღიღინი ბუნებას აფხიზლებდა. მურა მუდამ წინ უსწრებდა გოგონას, შემდეგ კი ჩერდებოდა, უკან მოიხედავდა და ელოდებოდა. ორივემ კარგად იცოდა გზა სკოლისაკენ, რადგან ეს ბალახი სწორედ მათი გათელილი იყო. თუთას არ ბეზრდებოდა ეცქირა იმ დიდებული ბუნებისთვის, რომელიც გარს ეკრა და ამ სათუთ გოგონას კიდევ უფრო ციცქნას აჩენდა. მერწმუნეთ, არც მურა ჩანდა მთასავით. მიდიოდნენ და ეფლობოდნენ ზურმუხტისფერ ფოთლებიანი ხეებით დამალულ, კენწეროთი ცას მიბჯენილ უკადრის მთებში. მზე არ ჩქარობდა, ზანტად ცდილობდა ქედებზე აცოცებას და მათ ბნელ ჩრდილებს თბილად აფერადებდა. დაღლილი თუთა სიმწვანეში მიჩქმალული მატარებლის ლიანდაგების მახლობლად ისვენებდა ხოლმე-ბალახებში ჩაჯდებოდა, ნაზი თითებით მთის შროშანს ეალერსებოდა და მის მეწამულ წინწკლებს ითვლიდა, ფილტვებს კი სუფთა ჰაერით ივსებდა. სკოლასთან მისულ თუთას მურა მანამ უცქერდა, სანამ გოგონა ნაცრისფერ კიბეებს ბოლომდე არ აივლიდა და დაბზარულკედლებიანი შენობის ხმაურიან კარებს არ მიიხურავდა. ძაღლი კი უკან, ნელი ნაბიჯებით და მიწაში თავჩარგული ბრუნდებოდა. დღეები მიდიოდა, დღეებს თვეებიც მისდევდა, სწავლამოწყურებული თუთა კი ყოველ დილით კილომეტრებს გადიოდა და სოფლის ბილიკს კიდევ უფრო ამუქებდა. მურაც მუდამ გვერდში ედგა. შემოდგომის ერთ დილას, მეცადინეობით ღამენათევმა გოგონამ ნელა აზიდა წამწამები და მაშინვე უჩვეულო შეგრძნება დაეუფლა- თვალები აეწვა. თუთას ისრიმისფერ თვალებს ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივები ეთამაშებოდა, მაგრამ თუთა სულაც არ იყო თამაშის გუნებაზე. გოგონა ჩქარ-ჩქარა იცვამდა, ჩანთას ალაგებდა, თანაც ბებოს მირთმეულ ყველს და პურს სწრაფად ილუკმებოდა. მურა კარებთან უცდიდა და ხვდებოდა, რომ ეს დღე სხვების მსგავსად არ დაწყებულა და ალბათ, არც დამთავრდებოდა. თუთა და მურა შეუსვენებლად მიიჩქაროდნენ, რამდენჯერმე ბილიკს გადაუხვიეს და ბოლოს სკოლასაც მიაღწიეს. სუნთქვაგახშირებულ თუთას თანატოლები გაურკვეველი გამომეტყველებით უცქერდნენ. ზარიც დაირეკა და თუთამაც აალებული სახით მაშინვე საკლასო ოთახისაკენ გასწია. გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლისაკენ მიმავალ გზაზე გოგონას მურა შეეგება.

-მურა, ნეტავ, დედა მალე დაბრუნდება?-გოგონამ აცრემლებული თვალები შეანათა თავის ერთადერთ, ერთგულ მეგობარს. თუთას მონატრებას მურა სევდიანი თვალებით პასუხობდა, თითქოს ეს ორი არსება სიტყვებს არ საჭიროებდა. ცის კამარა ძაღლის წმინდა და ნათელ თვალებს ჰგავდა. ორივენი ნელი ნაბიჯით თელავდნენ მწვანეს და მშვიდად მიუყვებოდნენ ბილიკს. სიმშვიდე მოულოდნელად არც თუ ისე უცნობმა ხმამ დაარღვია. ხშირ ფოთლებში ატანდა მატარებლის შიშისმომგვრელი გუგუნი, ნელ-ნელა ბგერები იზრდებოდა, ყურის ბარაბნებს ასკდებოდა და თუთას გულიც მატარებლის სისწრაფით იწყებდა ფეთქვას. მურა, როგორც ყოველთვის, წინ უსწრებდა გოგონას. თუთა ელოდა მატარებლის ჩავლას, წამით თვალებიც კი დახუჭა და როგორც კი გაახილა, გუგები მისი პულსის სიწრაფით თითქმის გაუჩინარდა, თითქოს გზა დაუთმო აბრჭყვიალებულ, გაზაფხულის ნორჩიფოთლებისფერ წვრილ ძაფებს. მურა ლიანდაგზე იდგა. თუთას კვლავ უჩვეულო შეგრძნებით გაეღვიძა, მის თვალებს სინათლის მწველი სხივების კონა აღიზიანებდა. გოგონას მურას ყეფა მოესმა. ძაღლის წყლიან თვალებში თუთამ მისი მადლიერება ამოიკითხა. მურა ცოცხალი იყო. თუთაც ცოცხალი იყო, თუმცა ვერც ერთ ფეხს ვერ გრძნობდა... იმ შემოდგომას თუთას თანატოლებმა ნაცრისფერი სკოლის შესასვლელთან გოგონასთვის პანდუსი გააკეთეს. ყოველ დილით თუთა მეგობრების დახმარებით სკოლისაკენ მიდიოდა, რაღა თქმა უნდა მურასთან ერთად. თუმცა ისინი ახალ ბილიკს მიუყვებოდნენ... შემოდგომა წელიწადის ის დროა, როდესაც დაბერებული ფოთლები კვდებიან და ხის ტოტებიდან ნაზად ეშვებიან ყვითელ ხალიჩაზე. მიუხედავად ამისა, თუთას დიდრონ თვალებში კვლავ კიაფობენ მზის სხივებში მოლივლივე, გაზაფხულის ნორჩი ფოთლები, რომლებიც არასოდეს დატოვებენ ტოტებს მარტო!

თებერვალი, 2019

გამოცემა N2

ავტორი: მარიამ ჯაფარიძე