ჟურნალისტთა კლუბი

სარჩევი

ჩვენ შესახებ

ჰობი- მხოლოდ გართობა?!

თანამედროვე სამყაროში დაჩქარებულია ცხოვრების ტემპი. ბევრი ადამიანი ჩივის, რომ დრო სწრაფად გადის, ვერ ახერხებს მისთვის სასურველი საქმისათვის დროის გამოყოფას. ამის მიუხედავად სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ - თავისუფალ დროს კომპიუტერთან და ტელეფონთან ვატარებთ. აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ ჰობი არ არის დროის უაზროდ გაყვანის საშუალება. პირიქით, ეს არის საქმიანობა რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს განვითარებას, გვძენს თავდაჯერებულობის გრძნობასა და კრეატიულობას, გვაკავშირებს მსგავსი ინტერესების მქონე ხალხთან. ჰობის დახმარებით თავს ვაღწევთ უარყოფით ემოციებსა და სტრესს, რაც გვაფერხებს ცხოვრებაში. ბერნარდ შოუ ამბობდა: ,, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ჰობით ცხოვრობს.“

დავინტერესდით რა ჰობი აქვთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს. ამ მიზნით ჩავწერეთ ინტერვიუ რამდენიმე მოსწავლესთან მათ შორის მე-11 კლასელ გიორგი წიკლაურთან. საზოგადოებას კარგად ახსოვს მისი საინტერესო გამოსვლა ,,ნიჭიერში’’ რუბიკის კუბით. ჩვენდა გასაკვირად, გიორგიმ სხვა ჰობი დაასახელა.

- რა არის შენი ჰობი?

- ჩემი ჰობი არის... მოკლედ და კონკრეტულად... ცეკვა.

- ვინ ან რა გახდა იმის მიზეზი რომ ცეკვავ? გყავს კუმირი?

- მსოფლიოში ყველა ცნობილი მოცეკვავე მისაბაძია. მსოფლიო დონის პროფესიონალების ვიდეოების ყურება ყოველთვის მოტივაციაა ჩემთვის, მსურს რომ მათ დონეზე ვიცეკვო.ყველაზე დიდი მოტივატორი ქორეოგრაფები კი „ტყუპები“ არიან.

- რატომ ხარ დაინტერესებული ცეკვით? მომავალშიც გააგრძელებ ამ საქმიანობას?

- ცეკვა ერთადერთი სფეროა სადაც ჩემი თავი ვიპოვნე. ნებისმიერი მოძრაობით შემიძლია გადმოვცე რას ვგრძნობ, შემიძლია ამბავიც კი მოვყვე. ცეკვას არასდროს დავანებებ თავს და ქორეოგრაფობა ყოველთვის იქნება ჩემი მეორე პროფესია.

- ყველას ახსოვს შენი გამოსვლა ნიჭიერში, სულ რაღაც , ერთი წლის წინ. ჟიური გააოცე შეუდარებელი ტექნიკით რუბიკის კუბის ხელოვნებაში. რა იყო ამ შოუში მონაწილეობის მთავარი მიზანი?

- ნიჭიერში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საქართველოში, იმ დოისათვის, ფოკუსებს და არა მარტო ფოკუსებს მხოლოდ მე ვაკეთებდი. Steven Brundage არის ამერიკელი ილუზიონისტი, რომელიც ერთ ნომრად წარმოგვიდგენს რუბიკის კუბსა და ფოკუსებს. პირველად რომ ვნახე ძალიან მომეწონა, გადავწყვიტე მსგავსი ნომერი მეც შემესრულებინა.

- რატომ მაინცდამაინც კუბიკი ?

- რუბიკის კუბით იმიტომ ვარ დაინტერესებული რომ სხვებისგან გამომარჩევს, რადგან მას ბევრი ვერ აწყობს.

- თავისუფალ დროს უთმობ შენს ჰობებს თუ დროის გამოთავისუფლება გიწევს ?

- ალბათ... ხშირად მიწევს დროის გამოთავისუფლება რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო.

- რა მოგცა ,,ნიჭიერში’’ მონაწილეობამ?

- ,,ნიჭიერში’’ მონაწილეობამ მომცა პოპულარობა, თავდაჯერებულობა. ასევე ხალხთან კონტაქტში უფრო მარტივად შევდივარ, რადგან საუბარს თვითონ იწყებენ. მივხვდი, რომ აინტერესებთ ჩემი პიროვნება.

- რა რჩევა შეგიძლია მისცე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საინტერესო ნიჭი, ჰობი და უნდათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა?

- მთავარი ისაა, რომ თავდაჯერებულები და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რასაც აკეთებენ.

რა ჰობი აქვს კომაროველთა უმრავლესობას? ამ კითხვაზე პასუხის გასარკვევად სკოლაში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ. შედეგები საინტერესოდ განაწილდა. (გამოკითხვაში მონაწილეობდა 100 მოსწავლე).

დეკემბერი, 2018

გამოცემა N1

ავტორი: ნანიკო კაკონაშვილი