საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ვ.კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებულებმა უნდა აირჩიონ ისეთი პროფესიები, რომლებიც მოითხოვს ფიზიკის ან მათემატიკის აუცილებელ ცოდნას. სამწუხაროდ, არსებობენ კომაროველები, რომლებიც ამ აზრმა შებოჭა. არიან ბავშვები, რომლებსაც მოსწონთ, მაგალითად, მედიცინა, მაგრამ არ მიჰყვებიან მას რადგან ფიქრობენ, რომ მედიცინა კომაროვისგან შორსაა ან უბრალოდ ვიღაცამ ამ იდეით დააკომპლექსა. ეს კი მიგვნიშნებს იმაზე, თუ რა დამღუპველია საზოგადოებრივი აზრი, რომლესაც არავითარი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. წარმოვიდგინოთ კომაროვის კურსდამთავრებული, ის სწავლის პერიოდში გაოირჩეოდა მათემატიკური აზროვნებით, იყო წარმატებული მოსწავლე, ამიტომ სკოლა, მშობლები, მეგობრები, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ახალგაზრდა დიდი მათემოტიკოსი ან მეცნიერი გახდებოდა ან ისეთ პროფესიას აირჩევდა რომლეიც მათემატიკის აუცილებელ ცოდნას მოითხოვს. საზოგადოების ეს შეხედულება ბოჭავს ახალგაზრდას, რომლეიც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გაწყვეტილების წინაშე დგას. მან უნდა აირჩიოს მომავალი და თუ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, მაშინ ის აღმოჩნდება მისთვის უინტერესო პროფესიის მსხვერპლი.
მათემატიკა არის საგანი, რომელიც ავითარებს აზროვნებას, განვითარებული აზროვნება კი გვაძლევს უამრავ შესაძლებლობას ნებისმიერ სფეროში. ბავშვმა რომლმაც კომაროვის სკოლა დაამთავრა და საფუძვლიანად დაეუფლა ფიზიკა-მათემატიკის საწყის ცოდნას, უნდა შეძლოს ყველა სხვა დარგში წარმატების მიღწევა, რადგან მისი გონება განვითარებულია, აზროვნება ჩამოყალიბებული და განსჯის უნარი სრულოფილი, ამიტომ კომაროველი თავისუფლად შეიძლება გახდეს ექიმი, სამართალმცოდნე, პოლიტიკოსი ან ჰუმანიტარული მეცნიერებების სპეციალისტი. მაგალითისთვის, მედიცინა არის სფერო რომელიც არასდროს აძლევს ტვინს მოდუნების საშუალებას. კარგი ექიმი არასდროს ამთავრებს სწავლას ის მუდმივად სიახლის ძიებაშია, ამიტომ ასეთი ადამიანი კარგია თავიდანვე შრომას თუ იქნება მიჩვეული, რასაც კომაროვი ნამდვილად უწყობს ხელს.
თეკლა დოლიძე არის 2018 წლის კომაროვის კურსდამთავრებული, რომელიც, მაღალი ქულებით ჩაირიცხა სახელმწიფო სამდიცინო უნივერსიტეტში და რეიტინგით პირველი ადგილი დაიკავა.
1. რატომ მაინცდამაინც მედიცინა, რა მოგწონთ მასში, რა არის ამაღელვებელი ამ სფეროში, როდის გადაწყვიტეთ რომ ამ სფეროში მოღვაწეობა გსურდათ, გთხოვთ მომიყევით ამ ყველაფრის შესახებ.
- რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მეუბნებოდნენ, ექიმი უნდა გამოხვიდეო, მე კი ყოველთვის ძალიან მტკიცე უარით ვისტუმრებდი ყველას. შესაბამისად, ჩემი გადაწყვეტილება თავიდან ჩემთვისაც ძალიან უცნაური იყო. კომაროვში იმიტომ გადმოვედი, რომ მათემატიკა ყველაზე მეტად მიყვარდა, ახლაც მიყვარს, მაგრამ დროსთან ერთად ინტერესებიც შემეცვალა. ქიმიით და ბიოლოგიით სკოლის ბოლო წლებში დავინტერესდი და მოგვიანებით მედიცინამ ისე ჩამითრია, რომ გადავწყვიტე, პროფესია მისთვის დამეკაცშირებინა. ზუსტად რომ გითხრათ, მომავალში რა მინდა არ ვიცი, უბრალოდ ვიცი, რომ ეს სფერო ძალიან მომწონს და მიზიდავს. ამასთან ძალიან პერსპექტიული და განვითარებადია, სიახლეებით სავსეა და ყველაზე მეტად ეს მხიბლავს.
2. ვიცი, მეტყვით შრომისმოყვარეობაო, მაგრამ მაინც უნდა გლითხოთ: რა არის საჭირო იმისთვის რომ რომ იყო წარმატებული ნებისმიერ სფეროში?
- შრომისმოყვარეობა, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის წარმატებაში, თუმცა ის, რაც გაიძულებს, რომ ძალიან ბევრი იშრომო, ინტერესია. ჩემი აზრით, როცა რაღაც გაინტერესებს და ძალიან გინდა, რომ უფრო მეტი გაიგო, შენი შრომა დამღლელი კი არა, სასიამოვნოა. სწორედ ამ შემთხვევაში გამოიღებს დაუღალავი შრომა ნაყოფს.
3. შენი ყველაზე სუსტი და ძლიერი მხარეებია...
- სუსტი მხარე ალბათ ის არის, ბევრს რომ ვწუწუნებ, თუმცა ხანდახან ვერც ვამჩნევ ამას. ძლიერი ალბათ ის, რომ როცა რაღაც ძალიან მინდა, ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამომივიდეს.
4. ბევრი გააკვირვა კომაროვდამთავრებულის მედიცინაში წასვლამ?
- ყველაზე გაკვირვებული ამ ფაქტით, მგონი, მე ვიყავი, რადგან როგორც ვთქვი არასდროს მეგონა, რომ მომავალს მედიცინას დავუკავშირებდი. მაგრამ არა, ჩემთვის კომაროვის დამთავრება მაინცდამაინც იმას არ ნიშნავდა, რომ მათემატიკას ან ფიზიკას გავყოლოდი, ჩემთვის კომაროვი იყო ადგილი, სადაც ჩემი აზროვნება და მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა, სწორედ მათემატიკის და ბუნებისმეტყველების სიყვარულმა გამიჩინა ინტერესი ყველაფრის მიმართ. მასწავლა, რომ რაღაცის ძიება ძალიან რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესია.
5. საინტერესო ადამიანებს ასევე საინტერესო გატაცებები აქვთ ხოლმე, რა არის შენი ჰობი?
- საინტერესო ჰობი ნამდვილად არ მაქვს. ყველაზე ხშირად, როცა განტვირთვა მინდა, მუსიკას ვუსმენ ან უბრალოდ ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით. როცა დრო მაქვს, წიგნებს ვკითხულობ, თუმცა ბოლო ხანებში ძალიან იშვიათად ვიცლი კითხვისთვის.
6. რა არის შენი მოტივაცია?
- ჩემი მოტივაცია ალბათ ჩემი დაუოკებელი სურვილია რაღაც ახლის შემეცნების. ყოველთვის ასე იყო, თუ რაღაც გულით არ მომწონდა, ძალიან ზედაპირულად ვუყურებდი. ბედნიერი ვარ, რადგან ეს ის არის, რისი კეთებაც მინდა.
7. როგორ წარმოგიდგენია მომავლის მედიცინა?
- მომავლის მედიცინის ბედი ალბათ მეცნიერების განვითარებაზეა დამოკიდებული. თუ მეცნიერება და ტექნოლოგიებიწინ წაიწევს, დიდი ალბათობით მედიცინაც მათთან ერთად განვითარდება.
8. რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს შეადარებდი თავს და რატომ?
- ჯერ არ შემხვედრია პერსონაჟი რომელსაც ჩემს თავს შევადარებდი. რომ შემხვედროდა, ალბათ ბუზღუნა მოხუცი ქალი იქნებოდა, თითქოს ყოველთვის უკმაყოფილო და გაბრაზებული რომ არის. ამასთან ძალიან მეოცნებე და ცოტა სენტიმენტალურიც. მოკლედ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პატარა უფლისწულს და ოთარაანთ ქვრივს გავაერთიანებდი და ამ ცოტათი უჩვეულო სინთეზით იმ პერსონაჟს მივიღებდი, რომელსაც ძალიან კარგად გავუგებდი.
9. ვინ არის თქვენთვის მისაბაძი ადამიანი/კუმირი მედიცინაში ან პირად ცხოვრებაში?
- ერთი კონკრეტული მისაბაძი ადამიანი არ მყავს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი იმ ადამიანებით, რომლებმაც ცხოვრება შესწირეს თავიანთ საქმიანობას, რადგან ძალიან უყვარდათ ის, რასაც აკეთებდნენ. არ ვიცი, ალბათ ყველა ასეთი ადამიანი მისაბაძია ჩემთვის, თუმცა, როგორც ვთქვი, კონკრეტული არავინ.
10. ფიქრობ, რომ წარმატებული ხარ?
- თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ, როცა მეუბნებიან, რომ ჩემით ამაყობენ. რთულია ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად მივიჩნევ თავს, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და წინ ბევრი სირთულე მელის, თუმცა ძალიან მინდა, რომ მათი დაძლევა შევძლო. რაც თავი მახსოვს, წარუმატებლობა ბევრად უფრო მეტი მქონია, ვიდრე წარმატება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ნორმალურია. შეუძლებელია, ყოველთვის ყველაფერი გამოვიდეს. ალბათ ბრძოლისუნარიანი უფრო მეთქმის, ვიდრე წარმატებული. ეს სიტყვა დიდად არც მიყვარს. ვფიქრობ, რომ ბედნიერება არა რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევაში, არამედ იმ რთული გზის გავლაშია, რომელსაც ამ მიზნამდე მივყავართ.
კომაროველებო, არ უსმინოთ არავის თქვენ ყველაზე კარგად იცით რა შეგიძლიათ, ამიტომ მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და არჩევანიც თავად გააკეთეთ.
თებერვალი, 2019
გამოცემა N2
ავტორები: ანასტასია მასხარშვილი და ნანიკო კაკონაშვილი